Thursday, May 31, 2018

კახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში.

კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

სექციების სია
1 გეოგრაფია
2 ისტორია
2.1 უძველესი ნამოსახლარები კახეთის ტერიტორიაზე
2.2 კახეთის ისტორია
2.3 კახეთის ხუროთმოძღვრება
3 ტრადიციები
4 ეკონომიკა
5 იხილეთ აგრეთვე
6 ლიტერატურა
7 სქოლიო
გეოგრაფია
კახეთს დასავლეთიდან ესაზღვრება ქართლი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი დაღესტნიდან ჰყოფს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4°C, ხოლო ზაფხულში +23 — +25°C-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნოები, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა — 4493 მ.

კახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდება გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრისა და ალაზნის ქვემო წელს შორის), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).

სახელწოდება „კახეთი“ პირველად ძველ ქართულ საისტორიო წყაროში — „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში გვხვდება. ლეონტი მროველის თხზულებაში მოტანილი ლეგენდის თანახმად, ქართველთა წინაპარს ქართლოსს ხუთი შვილი — მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი და გაჩიოსი ჰყოლია. მამის გარდაცვალების შემდეგ შვილებს მისი სამფლობელო დაუნაწილებელიათ. კახოსს რგებია მიწა-წყალი „კავკასიასა და კახეთის მთას შორის, არაგვიდგან ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“. ისტორიული კახეთი თავისი არსებობის მანძილზე დღევანდელისაგან განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავდა. საკუთრივ კახეთის გარდა, მის შემადგენლობაში შედიოდა: კუხეთი, სამხრეთით — მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გარდაბნის ქვეყანა; ჩრდილოეთით ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, დურძუკეთი და ღლიღვეთი, ანუ კავკასიის მთიანეთი, რომელსაც ქართული წყაროებით „მთიულეთი კახეთისა“ ეწოდებოდა.

აღმოსავლეთიდან კახეთს ჰერეთის სამთავრო ესაზღვრებოდა. მათ შორის საზღვარი ვეჯინისა და გავაზის დასავლეთით, ალაზნის ველს მიუყვებოდა. დასავლეთით საზღვარი მდინარე ქსანზე გადიოდა, სამხრეთ-დასავლეთით კი — მდინარე მტკვარზე. ისტორიულ პროცესში კახეთი კულტურულად და პოლიტიკურად თანდათან ფარავს ჰერეთს. საერთოდ, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს — „ტერმინებს „კახეთს“, „კუხეთს“ და „ჰერეთს“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, „ქვეყანათა“ საზღვრებიც საკმაოდ ძნელი დასადგენი და არამყარია“.

კავკასიის გეოკლიმატური პირობები და მისი ბუნებრივი სიმდიდრე ათასწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა და არეგულირებდა აქ მთისა და ბარის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების ძირითად მიმართულებებს. ამ მატერიალურ ბაზაზე წარმოიშვა კავკასიაში (მათ შორის კახეთშიც) ერთიმეორესთან მრავალმხრივ დაკავშირებული, არქეოლოგიური კულტურები, ჩამოყალიბდა აქ მცხოვრებ ადამიანთა უნიკალური ყოფა-ცხოვრებითი ერთიანობა.

კახეთი მდიდარია როგორც მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ნედლეულით, ისე ნოყიერი ნიადაგებით, ნიადაგისეული საფარით — ტყის მასივებით, საძოვრებით და წყლის რესურსებით. ყოველივე ეს ზომიერ ჰავასთან ერთად, ადამიანის საცხოვრებლად და მისი სამეურნეო ცხოვრების განვითარებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

როგორც ჩანს, კავკასიის ეს კუთხე ოდითგანვე გამოირჩეოდა ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობებით. ამის საუკეთესო მანიშნებელი უნდა იყოს კახეთის სხვადასხვა მხარეში, უფრო კი ივრის ხეობაში (ვაშლოვნის ნაკრძალი, ტარიბანას ველი, დავითგარეჯის უდაბნო, გომბორის ქედის სამხრეთი ფერდები), აღმოჩენილი განმარხებული ცხოველების ძვლები, რომელთა შორის ინდივიდების მთელი ჩონჩხებიც გვხვდება (სპილო, მარტორქა და სხვა.). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დავითგარეჯის უდაბნოში, ლავრის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად აღმოჩენილი პრიმატის კბილი, რომლის ასაკიც მეოტური პერიოდით განისაზღვრება.

ამ თვალსაზრისით ისიც მნიშვნელოვანია, რომ ვაშლოვნის ნაკრძალის ტერიტორიაზე მასიური ტყის სახით, ცოცხლად არის გადარჩენილი მილიონობით წლის წინანდელი ხის ჯიშები, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალური მოვლენაა.

ისტორია
უძველესი ნამოსახლარები კახეთის ტერიტორიაზე
კახეთში საუკეთესო ბუნებრივი პირობები იყო ქვის ხანის ადამაინის ცხოვრებისთვისაც. ამაზე უმთავრესად მიგვითითებს ივრის ხეობაში, გომბორის ქედის სამხრეთ ფერდობებზე და ივრის ზეგანზე აღმოჩენილი ქვის ხანის ადამიანის რამდენიმე ათეული ღია სადგომი, სადაც მრავლად გამოვლინდა კაჟისგან დამზადებული იარაღები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიართან აღმოჩენილი ადრინდელი ქვის ხანის ადამინის ნაბინავარი, სადაც კულტურული ფენა დაურღვევლად, თავდაპირველ მდგომარეობაშია გადარჩენილი. მონაპოვარი მასალის მიხედვით, კახეთის ტერიტორიაზე ქვის ხანაში ადამიანი მუდმივად სახლობდა. აქ მისი ცხოვრების კვალი დაახლოებით ძვ. წ. 2 მილიონ 300 ათას წელსა და 10.000 წელს შორის უნდა განისაზღვროს.

კახეთში ქვის ხანის ძეგლებიდან ნეოლითის (ახალი ქვის ხანა) ხანის ძეგლები ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი. ამ მხარეში მათ არსებობაზე მხოლოდ რამდენიმე შემთხვევითი აღმოჩენა მიგვანიშნებს. საზოგადოების განვითარების შემდგომი საფეხურის, ენეოლითის (სპილენძის-ქვის ხანა) ხანის ნამოსახლარები კახეთში აღმოჩენილია მდ. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელგორის მახლობლად; გურჯაანის მუნიციპალიტეტში — სოფელ ჯიმითთან და სოფელ ჭერემთან. აქ აღმოჩენილია შენობათა მცირე კვალი და დიდძალი არქეოლოგიური მასალა (ხელით ნაძერწი თიხის უხეში ჭურჭელი და ნახეხ-ნაპრიალები ქვის იარაღი), რომლებიც დათარიღებულია ენეოლითური ხანის დასასრულით. ამ ძეგლებზე გამოვლინდა წმინდა სპილენძისგან დამზადებული ნივთის ერთადერთი ფრაგმენტიც, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ მხარეში მეტალურგიულ წარმოებას შესაძლოა ძვ. წ. 6 ათასი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.

დავითგარეჯის უდაბნოს სამხრეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირას, ჯანდარის ტბის პირას, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე, აღმოჩნდა თიხის მრგვალი და ოთხკუთხა შენობებიანი დიდი ნამოსახლარი. მოპოვებული მაღალხარისხოვანი თიხის ჭურჭელი, რომლის უმეტესობა სამეთუნეო მორგვზეა დამზადებული (მცირე ტერაკოტული ქანდაკებები, თიხის საბეჭდავები და წმინდა სპილენძისგან დამზადებული იარაღები), იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქ ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში შესაძლოა მესოპოტამიიდან ემიგრირებული ხალხის დიდი ჯგუფი სახლობდა საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში.

კავკასიაში სპილენძ-ქვის ხანის ეპოქის შემდგომი პერიოდი (ადრინდელი ბრინჯაოს ხანა) ძვ. წ. IV ათასწლეულის II და III ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება. ამ დროს სამხრეთ კავკასიის მთელ ცენტრალურ ნაწილში გავრცელებულია ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელშიც ერთიანდება იორ-ალაზნის აუზიც, დღევანდელი კახეთის ტერიტორია.


No comments:

Post a Comment